07 მაისი 2024,   23:06
ვრცლად
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი - ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა "ოცნების" ინიციატივას

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი - მმართველი გუნდის განცხადებით, დოკუმენტი ქვეყნის მთავარ არჩევანს ასახავს. პროექტის ინიცირების პროცედურები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით მიიღებს. ოპოზიცია აქტიურად ჩაერთვება რეზოლუციის განხილვის პროცესში და არ გამორიცხავენ, რომ მას მხარი დაუჭირონ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციის რაც შეიძლება სწრაფად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

"ახლა მთავარია, საქართველომ იმოქმედოს ძალიან სწრაფად, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო დასაკარგი. თავად პარლამენტი არ მოქმედებს სწრაფად, არ იხილავს ამ საკითხს დაჩქარებული წესით და ეს გადადო ორი კვირის შემდეგ განსახილველ საკითხებში, რაც არის ფარისევლური და თვალთმაქცური დამოკიდებულება, ერთი ხელით თითქოს აკეთებენ განაცხადს, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს მთავრობამ. ახლა სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ საგანგებო სხდომა და ამ სხდომაზე უნდა მოხდეს ამ რეზოლუციის მიღება,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია რეზოლუციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს, თუმცა, მის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. 

"წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ იმედი ხომ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც შედეგი ექნება. ჩვენ აქ ზარ-ზეიმით მივიღოთ რაღაც დოკუმენტი და ევროპაში სასაცილოდ არ ეყოთ ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე, უბრალოდ არასერიოზულია, თორემ განა წინააღმდეგი ვარ ამ რეზოლუციის. რეზოლუციის ეს ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცუდი არაფერი წერია, მიზნად ისახავს გუშინდელი ამბების რაღაცნაირად გადაფარვას,"-აცხადებს იაგო ხვიჩია. 

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სისწრაფე არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ. 

"აქ არის პროცედურები, როგორც ევროკავშირში, ისე სხვა უწყებებში რომ ამის განხილვა მოხდეს და აქვე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ უკრაინასთან მიმართებაში. რადგან თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის შემთხვევა არის განსაკუთრებული. თუმცა, კონსულტაციების საფუძველზე, ასევე იქნა დადასტურებული, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენი განაცხადი იქნება ის, რომ დროზე ადრე, ანუ დაჩქარებული წესით მოხდეს ამ საკითხის განხილვა. შესაძლო სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ პროცედურებით ისე დავაგვიანებთ ამის მიღებას, რომ იქ შეიძლება პრობლემები შეიქმნას, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები