26 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
"კურიერის" ერთი დღე დაბომბილ ქალაქში და მადლიერების ნიშნად ნამღერი ქართული სიმღერა - რა ხდება რივნეში, სადაც შესაძლოა რუსული ტანკები გამოჩნდეს

უკრაინის ქალაქი რივნე ახლა ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისა და იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებს და ცდილობს, სანამ რუსული ტანკები ქალაქს მოადგება, ამ ნაბიჯით საკუთარ არმიას დაეხმაროს. რივნემ უკვე მიიღო და პოლონეთისკენ გაატარა ათასობით ლტოლვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ომია, ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრები რივნელები სიმღერისა და ცეკვის ხალისს არ კარგავენ და უფრო მეტიც, მადლიერების ნიშნად ქართველ ხალხს გამოხატული სოლიდარობისთვის ქართულ სიმღერას უმღერიან.  

უკრაინის ისტორიულ ქალაქ რივნეში, რომელზეც ორჯერ მოხდა საჰაერო იერიში, რუსი ჯარი ამ ეტაპზე ქუჩებში არ დგას, ადგილობრივები კი მშვიდ პერიოდს თანამოქალაქეების დასახმარებლად იყენებენ.

მუშაობენ ორგანიზებულად, აღწერენ პროდუქტს, ახარისხებენ და აფასოებენ. ომში ჩართულია ყველა. ქალაქებში, სადაც დღეს ხელში იარაღი უჭირავთ ან მიწისქვეშ მცირეწლოვანი ბავშვებით იმალებიან, მათი გადარჩენისთვის შეიძლება მხოლოდ ერთი ულუფა იყოს გადამწყვეტი, ეს ადამიანები კი ცდილობენ რომ ბრძოლის ველზე თანამოქალაქეები ამ პრობლემის წინაშე მაინც არ დადგნენ. ჰუმანიტარულ დახმარებას აგორვებენ ადგილობრივი თეატრის შენობაშიც.

მოცეკვავე დმიტრო მოსკალიკს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტვირთს ეზიდებოდა, სცენაზე დასს ქართული პიესა "ხანუმა" არაერთხელ უთამაშია. დმიტრომ "კურიერისთვის" ხანუმადან ერთი ეპიზოდი იცეკვა. 

საგანგაშო სიგნალი რივნეშიც ხშირად ისმის, თუმცა აქ სხვა ქალაქებთან შედარებით სიმშვიდეა, მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ტრაგედიის კვალი ადამიანების სახეებზეა, რომელთა დიდ ნაწილსაც ომამდე ცხოვრებიდან არ გადმოჰყოლია ღიმილი, მაგრამ მათი რწმენა ერთია - აუცილებლად დადგება გამარჯვების დრო.

დღის ამბები