08 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
მკაფიო გადაწყვეტილებებს, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას უკვე ევროკავშირისგანაც ველოდებით - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ომი უნდა დასრულდეს, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გვიან ღამით გაკეთებული მიმართვისას ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ რუსებს, რომლებიც უკრაინელებს ქუჩაში გამოსვლითა და პროტესტით უჭერენ მხარს.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს გადადგა ნაბიჯი, რომელიც მტერს მნიშვნელოვნად დაასუსტებს და იძულებულს გახდის, აგრესიის საფასური გადაიხადოს. მათ პასუხისგება მოუწევთ ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც ჩაიდინეს. აშშ რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტების, გაზისა და ნახშირის იმპორტს კრძალავს. ასევე, შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრძალავს ნებისმიერი სახის ინვესტიციის განხორციელებას რუსეთის ენერგოსისტემაში.

პირადად მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ამ ლიდერობისა და მსოფლიოსთვის გაგზავნილი მაქსიმალურად მკაფიო სიგნალისთვის. მან ძალიან მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთისთვის გადახდილი თითოეული ცენტი ტყვია და ჭურვია, რომლებიც სხვა სუვერენული ქვეყნის მიმართულებით მიფრინავენ.
რუსეთმა ან ომი უნდა შეწყვიტოს, რომ ფული გაუჩნდეს, ან ომის საწარმოებლად ფული აღარ ექნება. რუსეთისგან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთიც, რისთვისაც პირადად ვუხდი მადლობას პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მისი მამაცური და გადამწყვეტი ქმედებებისთვის.

შეხედეთ, მსოფლიოს არ სჯერა რუსეთის, მისი მომავლის... ერთ სიტყვასაც არ ამბობენ არც ამ ქვეყნის და არც მისი პერსპექტივების შესახებ. მსოფლიო მხოლოდ ჩვენზე საუბრობს და ჩვენ გვეხმარება. მკაფიო გადაწყვეტილებებს უკვე ევროკავშირისგანაც ველოდებით. რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას არა უბრალოდ კონკრეტულად რომელიმე ადამიანის, არამედ ამ აგრესიის გამო. ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლის წინ დღეს ჩემთვის შემზარავი იყო რიცხვ 50-ზე ფიქრი. ომის მე-13 დღეს 50 მოკლული ბავშვი... უკვე 1 საათში ეს 52 გახდა.

საღამოს, მტერმა სარაკეტო იერიში ჟიტომირის ერთ-ერთ სოფელზე მიიტანა და საერთო საცხოვრებელი გაანადგურა. ჩემთვის გაუგებარია, რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთს ეს კამპუსი. რა გეოპოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენდა ეს დაწესებულება ბირთვული სახელმწიფოსთვის,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები