08 მაისი 2024,   01:08
ვრცლად
ის ისტერიული ტონი, რომლითაც ბატონი კობახიძე პასუხობს პრეზიდენტს, მიუთითებს, რომ "ოცნებამ" თავადაც იცის, რომ წაგებულ პოლიტიკურ თამაშში შევიდა - სამადაშვილი

ვინ დაარღვია კონსტიტუცია - პრეზიდენტმა, რომელიც მთავრობის მოთხოვნას არ დაემორჩილა, თუ მთავრობამ, რომელმაც მას ევროპაში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე უარი უთხრა?! ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თავად მმართველი პარტია უშლის პრეზიდენტს ხელს თავისი მოვალეობები სათანადოდ შეასრულოს.

"თურმე, არ აძლევენ მას თავისი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობას, როდესაც ამ უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში, პრეზიდენტი ევროპაში აპირებს თავის კოლეგებთან შეხვედრას და ამას ბლოკავს პრემიერ-მინისტრი, არც ფინანსებს აძლევს, როგორც ჩანს, არც თვითმფრინავს და საკუთარი ხარჯებით და ნაცნობობით მომიწია წასვლაო. ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება და აჩვენებს დიდ განხეთქილებას ხელისუფლებაში,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"მოქალაქეების" ლიდერი, ლევან იოსელიანი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის დიდი დიპლომატიური გამოცდილება და კონტაქტები ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

"რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ მიეცა საშუალება ვიზიტებით წასულიყო და გამოეყენებინა თავისი კონტაქტები, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები და მისის რესურსი, დღევანდელ კრიზისში, ქვეყნის მიერ აუცილებლად გამოსაყენებელია,"-აცხადებს იოსელიანი.

ფრაქცია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის ხისტი რეაქცია პრეზიდენტის გამოსვლაზე, მათ კრიზისზე მიუთითებს.

"ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ სამთავრობო გუნდიდან, აჩვენებს, რომ სრულ სასოწარკვეთილებაშია "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ მათ თავად იციან, რომ მათ მიერ გატარებული პოლიტიკა, მათ რეალურად აქცევს იზოლაციაში. ის სრულიად ისტერიული ტონი, რომლითაც ბატონი კობახიძე პასუხობს ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას, მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - რომ "ქართულმა ოცნებამ" თავად იცის ძალიან კარგად, რომ სრულიად წაგებულ პოლიტიკურ თამაშში შევიდა,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

 
დღის ამბები