04 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
რუსებს ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს, მე ვაძლევ გარანტიას რომ ჩამოერთმევათ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე იმსჯელეს. პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა, ის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში საუბრობდა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის უკრაინაზე, პროვოკაციებზე, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასა და რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან.

"ახლა ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს, რუსებს, მე ვაძლევ მათ გარანტიას, რომ მათ ეს ბინები ჩამოერთმევათ, ეს ბინები გაიყიდება და ეს ფული გადაირიცხება უკრაინაში რეპარაციებში. ჩვენ არ გვჭირდება რუსეთიდან მოპარული ფულით აქ ნაყიდი ბინები. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ გვჭირდება აქ რუსული ეთნიკური უმცირესობა. კიდევ კარგი ჩვენ რუსული უმცირესობა აქ არ გვყავს. ეს არის ყოველთვის პირველი საბაბი, რომელიმე ქვეყანაში შესვლის, კუდის მოქნევის. ჩვენ ამათ ახლა შეგვიქმნეს 100 ათას კაციანი რუსული უმცირესობა. ფულს ტყუილად ნუ ხარჯავენ, ქართული სახელმწიფო მოახდენს ამის კონფისკაციას იმიტომ, რომ ეს ფული არის დაუსაბუთებელი, ეს არის შავი ქეშით გამოტანილი ფული," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი კი ამბობს, რომ დღეს საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა უკონტროლოდ ხდება.

"ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ერთი ადამიანი მაინც თუ ჰყავს დაკავებული ჯაშუშობის მიზნით რუსულ "ოცნებას" 2012 წლიდან 2022 წლამდე?!" - ამბობს ის.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება სერიოზულად განსახილველი თემა არ არის. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონსტიტუციის დებულებებთან და მთავარ ღირებულებებთან არათავსებადი მსგავსი განცხადებების კეთება არ ვარგა.

"ყველას მოვუწოდებ, რომ ძალიან კარგად დაუფიქრდეთ ასეთი ტიპის განცხადებების კეთებისას თუ რამდენად თავსებადია თითოეული ასეთი განცხადება, იდეა, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან. ეს არ ვარგა, მათ შორის, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის აკრძალვას აღვნიშნავ და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები