21 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილიდან

"კურიერმა" ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ექსკლუზიურად, დამატებითი კადრები მოიპოვა. სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე პირების გადაადგილება ჩანს.

კერძოდ, როგორ მიდიან ერთ-ერთ შენობასთან ავტომობილები, საიდანაც გადმოდის 20-მდე პირი და შედიან იმ ოთახში, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. ფაქტი დაახლოებით 20:43 წუთზე ხდება. ამის შემდეგ, უკვე 45 წუთში, მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება მკვეთრი გადაადგილება. მამაკაცები სხდებიან ავტომობილებში და სწრაფად ტოვებენ მიმდებარე ტერიტორიას. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიებას 5 პირი ჰყავს დაკავებული, თუმცა შესაძლოა ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. 

"მე არ ვარ მკვლელი ბატონო მოსამართლევ" - ამ სიტყვებით მიმართა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მოსამართლეს.

კობა მეტრეველი სასამართლოს არწმუნებდა, რომ მისი ქმედება მხოლოდ აუცილებელი მოგერიება იყო და განზრახ არავინ მოუკლავს. თავს დამნაშავედ არ ცნობენ სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებული სხვა პირებიც.

ბრალდებულების პოზიციების მიუხედავად, მოსამართლემ მაინც პროკურატურის შუამდგომლობით იხელმძღვანელა და ყველა მათგანი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში დატოვა. გიორგი გელაშვილმა მიზეზად დანაშაულის განმეორებით ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეები დაასახელა. სასამართლოზე შუამდგომლობები ჰქონდათ ადვოკატებსაც და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს.

სისხლიანი ანგარიშსწორება 3 აპრილს, ლაგუნა ვერესთან ერთ-ერთ შენობაში მოხდა. ცეცხლსასროლი ჭრილობებით 2 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი ბიზნეს წილებიდან ასაღები სოლიდური თანხაა. რამდენიმე მილიონი, დაპირისპირებულებმა ვერ გაინაწილეს და ერთმანეთს სხვადსხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებით, მათ შორის ავტომატით გაუსწორდნენ.

გახმაურებულ საქმეზე გამოძიება, განზრახ მკვლელობის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების და შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარეობს, პარალელურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექპსერტიზები.


 

დღის ამბები