07 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები" - უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში

უკრაინის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდება ძალიან სამწუხარო იყო. საქართველო არასოდეს დაუშვებს სანქცირებული პროდუქციის გატანას თავისი ტერიტორიის გამოყენებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა. ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ გრძელდება კომუნიკაცია კომპეტენტურ ორგანოებს შორის და მთავარი ამოცანა საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელებაა.

"ამ შეკითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. საკითხთან დაკავშირებით გრძელდება კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ საქართველოსთან პარტნიორობა, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. ეს პასუხობს უკრაინელი და ქართველი ერის საჭიროებებს," - აცხადებს ანდრეი კასიანოვი. 

უკრაინის სამხედრო სამსახურის მხრიდან გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენას საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა ელოდება, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

დღის ამბები