26 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
საქართველო ევროკავშირისთვის რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით დასაყრდენია - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტარების ვიზიტს

ევროპარლამენტარებმა უკვე დატოვეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა. თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები, თავდაცვის, ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრნენ. თბილისში აცხადებენ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით დასაყრდენია და ეს ვიზიტი ამის კიდევ ერთი დასტურია. ოფიციალური შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში ევროპარლამენტარების ვიზიტი არის დადასტურება იმისა, რომ დასავლელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს. როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, საქართველო რეგიონში არის ერთგვარი დასაყრდენი ევროკავშირისთვის. 

"განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ უსაფრთხოების თემებზე. საქართველოს, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მათ შორის რუსულ ოკუპაციაზე და მის შედეგებზე. ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებზე რის წინაშეც დგას საქართველო," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

"ვისაუბრეთ უშუალოდ წინგადადგმულ ნაბიჯებზე და რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს და ამით კიდევ უფრო მეტად ვიმყარებთ ჩვენს პოზიციას კანდიდატის განაცხადთან დაკავშირებით. ასევე საკითხები შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონში შექმნილ გამოწვევებს,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი.

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარები ამ დროისთვის უკვე შეხვედრას  გამართავენ მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან.

საქართველოში ევროპარლამენტარები კიდევ ორი დღის განმავლობაში იქნებიან სტუმრად. ვიზიტის მიმდინარეობისას ისინი გაეცნობიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის საქმიანობას და ესტუმრებიან რამდენიმე რეგიონსაც.დღის მეორე ნახევარში კი ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები პრესკონფერენციას გამართავენ და საკუთარი ვიზიტის ამოცანებზე და მიზნებზე დეტალურად ისაუბრებენ.  

დღის ამბები