ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი პარასკევს გამოცხადდება - დასკვნითი სიტყვების შემდეგ მხარეებმა პოზიციები დააფიქსირეს, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
მოკლულის ოჯახის პოზიცია უცვლელია - აუცილებელია დამნაშავეთა წრე გაიზარდოს და დაისაჯონ არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, არამედ მისი დამკვეთებიც. ამის შესახებ თავად ნიკო კვარაცხელიას დედამ, სასამართლო დარბაზში ისაუბრა, ის პროცესს დღეს პირველად დაესწრო.
ნიკო კვარაცხელიას დედამ ბრალდებულ გიორგი კავილაძეს მიმართა და უთხრა, რომ დამქირავებლებმა ისინი მიატოვეს, რის გამოც ეცოდებოდა.
"შემომხედე და მითხარი, როდესაც მიხვედი გაგარინის მოედანზე, ნაქირავებ ბინაში, ვისთან მიხვედი? - როგორ მიგატოვეს?! ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, მართლა მეცოდები - როგორ მიგატოვეს,"- უთხრა ბრალდებულს იზა ომიაძე.
ბრალდებული კავილაძე კი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. სასამართლო დარბაზში ნიკო კვარცხელიას ოჯახის მისამართით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდას აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, ამას, შესაძლოა, ოჯახის გაღიზიანება გამოეწვია, რის გამოც გადაიფიქრა.