26 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
მკვლელობასა და განზრახ მკვლელობაზე სასჯელი მკაცრდება - რამდენი წლით გაიზრდება პატიმრობის ვადა და რა მტკიცებულებები გახდება დასაშვები

მომდევნო კვირიდან საკანონმდებლო ორგანო ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტის ავტორები სასჯელის გამკაცრებას, მკვლელობის მუხლებზე მოითხოვენ. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რამდენიმე მიმართულებით შედის. თუკი აქამდე განზრახ მკვლელობის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა მინიმუმ 7 წლით განისაზღვრებოდა, ახალი რედაქციით, მინიმალური ზღვარი 10 წელი იქნება, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის შემთხვევაში კი, პირს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობა დაემუქრება.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ოპოზიცია განსხვავებულად აფასებს. ნაწილი მის მხარდაჭერას გამორიცხავს, მაგალითად "გირჩი", "ნაციონალური მოძრაობა" კი, მმართველი პარტიისგან იმ მიზეზების დასახელებას ითხოვს, რის გამოც კანონის გამკაცრება საჭირო გახდა. ამ პოზიციებისგან განსხვავებულია "მოქალაქეების" შეხედულება. ისინი ცვლილებებს მხარს უჭერენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის პასუხად განმარტავენ, რომ ცვლილებებს მხოლოდ პრევენციული ხასიათი აქვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ინიცირებული კანონპროექტით დანაშაულის სიმძიმე და მის მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა, რელევანტური იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად მოწესრიგდება ციფრული საშუალებებიდან მტკიცებულებების მოპოვების წესიც. ახალი რედაქციით, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონით ან ვიდეოკამერით გადაღებული ჩანაწერების დართვაც. კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" უკვე დააინიცირა.

დღის ამბები