12 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

რამდენიმე წუთის წინ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ სცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ რაც მოწმობს ბრალის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, რისთვისაც მისივე თქმით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

შეგახსენებთ, ბრალდებულები მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. კერძოდ, აკო ჭელიძე აღიარებდა, რომ ნიკა კვარაცხელია მოკლა, თუმცა, მისივე თქმით, მას თანამზრახველი არც მკვლელობის ნაწილში ჰყოლია და არც იარაღი შეუძენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძეს, ის ორივე მუხლში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის პოლიციელებისთვის შეუტყობინებლობაა.

შეგახსენებთ, მკვლელობა ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს მოხდა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. მოკლული ახალგაზრდა პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არ დასწრებიან. 

დღის ამბები