20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
თავის არეში დაჭრილი ზურაბ მუშუქიას მდგომარეობა მძიმეა - ოკუპანტის ტყვიამ უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი იმსხვერპლა

არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინაში დღეს კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. "კურიერს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა ფაქტი დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ომში დაღუპული ქართველების ჩამოსვენებისთვის მუშაობა დაწყებულია. 

ტრაგიკული ცნობა უკვე მივიდა ომში დაღუპულების ოჯახებამდე. ნათესავები და ახლობლები ამბობენ, რომ მებრძოლები გადაწყვეტილება პატრიოტიზმით და უკრაინასთან ერთად, საკუთარი სამშობლოს ინტერესების დაცვითაც იყო მოტივირებული.

ამ დრომდე მძიმე რჩება რუბეჟნოიში დაჭრილი ზურაბ მუშუქიას მდგომარეობა. ქართველი მებრძოლის მეუღლე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭრილობა მას თავის არეში აქვს მიყენებული. ოპერაცია ხვალაა დაგეგმილი.

სამხედრო პატივითა და სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით დაკრძალეს დავით მენაბდიშვილი დღეს რუსთავის სასაფლაოზე. დავით მენაბდიშვილი ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" წევრი იყო და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდა.

დავით მენაბდიშვილის თანამებრძოლის, 21 წლის ნიკოლოზ შანავას კი ხვალ დაკრძალავენ. ახალგაზრდა ჯარისკაცი ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში დაიღუპა.

უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ მათი სამშობლოში ჩამოსვენებისთვის, ყველაფერი გააკეთა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ფრონტზე საქართველოს 9 მოქალაქე გარდაიცვალა. 

დღის ამბები