08 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
მუდარა "აზოვსტალის" უფანჯრო გვირაბებიდან - მარიუპოლელები მსოფლიოს რუსეთის შეჩერებას სთხოვენ

სააღდგომო ზავი არ შედგა - მარიუპოლში, ეკლესიის ზარების ნაცვლად, მხოლოდ აფეთქებების ხმა ისმის. საპორტო ქალაქის მეტალურგიული ქარხანა ციდან, ზღვიდან და ხმელეთიდან კვლავ რუსული შეტევის მთავარი სამიზნეა. მარიუპოლი უკრაინის რუკაზე ყველაზე ტრაგიკული ადგილია.

არაფერი შეცვლილა "აზოვსტალის" მიწისქვეშეთში დარჩენილი ადამიანებისთვისაც, გადარჩენა და ცის დანახვა ამ ქალებისა და ბავშვებისთვის ერთადერთ ნატვრად რჩება. ამბობენ, რომ მალე წყლისა და საკვების გარეშე დარჩებიან, რადგან მარაგი ბუნკერში მყოფებისთვის ნელ-ნელა იწურება. "აზოვსტალის" ქარხნის ნანგრევებიდან, მსოფლიოს რუსეთის შეჩერებას სთხოვენ.

ქალაქის მცველები "აზოვსტალის" გვირაბებში დარჩენილი ასობით მოქალაქის გადასარჩენად კვლავ იბრძვიან და ოკუპანტების დარტყმებს იგერიებენ. ამბობენ, რომ შტურმი ერთი წამითაც არ შეწყვეტილა და ფრთოსანი რაკეტებისგან თავის დაცვა ავტომატებით რთულია. იმედიც აღარ აქვთ, რომ ტელეფონით დაკავშირებას ვინმესთან კიდევ შეძლებენ. უკრაინული მხარე არ გამორიცხავს, რომ დანაკარგების თავიდან ასაცილებლად "აზოვსტალის" ქარხანაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ვლადიმერ პუტინმა ქიმიური იარაღიც გამოიყენოს.

ჰუმანიტარული დერეფანი, რომელსაც ასე ელოდნენ ადამიანები, დღესაც ჩაიშალა. თავდაპირველად ითქვა, რომ რუსეთის თავდაცვა მზად იყო უკრაინის დროით 14:00 საათზე ცეცხლი შეეწყვიტა და კორიდორი გაეხსნა, თუმცა მალევე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ეს ცნობა უარყო. შოიგუს უწყებაში დღეს იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მწვანე დერეფანი უკვე 36 დღეა, მოქმედებს. ევაკუაცია წინა დღეებშიც ჩაიშალა, ნანგრევებად ქცეული ქალაქიდან გამოღწევა მხოლოდ 80-მა ადამიანმა შეძლო

ზღვისპირა ქალაქში ცხედრებს ვეღარ ითვლიან. ალყაშემორტყმული ქალაქი დასავლეთით მასობრივი სამარხებია აღმოჩენილი. ამას სატელიტური ფოტომასალაც ადასტურებს. ჩანს თხრილი ათობით ვიწრო ორმოთი, რომლებიც გათხრილია სასაფლაოს მახლობლად სოფელ მანგუშში. ის 300 მეტრზე უფრო გრძელია. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები გვამებს აგროვებდნენ ქალაქის ქუჩებში და სპეციალურ მაცივრებში ინახავდნენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანებით გადააქვთ მასობრივ სამარხებში.

"აზოვსტალის" ქარხნის გვირაბებს უკრაინის 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი აფარებს თავს. ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ შტურმი აღარ იქნებოდა, თუმცა დაბომბვა გრძელდება. უკვე მესამე თვე დაიწყო, რაც ქარხნის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები უფანჯრო სივრცეში აფეთქებების ქვეშ იძინებენ და იღვიძებენ.

დღის ამბები