15 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ცდილობს თუ არა რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებისგან თავის არიდებას - რა გამოხმაურება მოჰყვა უკრაინის დაზვერვის ბრალდებებს თბილისში

უკრაინის დაზვერვის ბრალდებები მეორე დღეა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. უკრაინის დაზვერვა მორიგ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებას. ინფორმაციაში საქართველოც არის ნახსენები. კერძოდ, საუბარია, რომ ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და ტაჯიკეთში რუსეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქციისთვის დეტალების წარმოებას გეგმავს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ნაწილში კი საუბარია რუსული პროდუქციის რეექსპორტის გეგმაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა შემთხვევაში უკრაინის დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ საქართველოს გავლით, პირიქით, რუსეთს სანქცირებული პროდუქციის იმპორტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა ეს ფაქტებით არ დასაბუთებულა. 

პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის თქმით, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბიზნესის რეგისტრაცია გაზრდილია 70%-ით და კითხვები ჩნდება ამ ბიზნესებთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება მათი გამოყენება სანქციებიდან თავის ასარიდებლად.

"მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი კი მიიჩნევს, რომ ყველა მსგავსი განცხადება გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამ განცხადებებს პრევენციული ხასიათი აქვს და ამით უკრაინის მხარე აფრთხილებს საქართველოს, რომ მათ ინფორმაცია აქვს იმაზე, რომ ქართული მხარე გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ამას და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

უსაფუძვლოს და არასწორს უწოდებს უკრაინის დაზვერვის მორიგ განცხადებას მმართველი პარტიის წევრი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, საქართველო უკრაინის მხარდაჭერის ერთგული რჩება და ამ მხარდაჭერას ვერ შეცვლის, ცალკეული წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები.

გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი.

"ერთი რამე შეგვიძლია ვუთხრათ დარწმუნებით უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება და ვერ განხორციელდება, არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც გარკვეული სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არცერთ ბაზარზე. თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნიათ დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი. რა ხდება სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით ამაზე ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები