უკრაინის დაზვერვის ბრალდებები, მეორე დღეა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. უკრაინის დაზვერვა მორიგ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებას. ინფორმაციაში საქართველოც არის ნახსენები. კერძოდ, საუბარია, რომ ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და ტაჯიკეთში რუსეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქციისთვის დეტალების წარმოებას გეგმავს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ნაწილში კი საუბარია რუსული პროდუქციის რეექსპორტის გეგმაზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა შემთხვევაში უკრაინის დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ საქართველოს გავლით, პირიქით, რუსეთს სანქცირებული პროდუქციის იმპორტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა ეს ფაქტებით არ დასაბუთებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულება არ მოჰყოლია, ოპოზიცია დამატებით არგუმენტებს ხელისუფლებისგან ელის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ განცხადებებს იღებს, როგორც მტრულს. მისი თქმით, საჭიროა უფრო მეტი დიპლომატიური მუშაობა და იმ პირობებში, როდესაც საქართველო სანქციებზე არაა შეერთებული, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც და უკრაინისთვისაც საქართველოს პოზიცია უფრო ცხადი და მკაფიო უნდა იყოს.
ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებს ინფორმაციის სათანადოდ შესწავლას ურჩევს დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, მეგობარი ქვეყნების ურთიერთობაში პოლიტიკური სპეკულაციები არასწორია.
ხელისუფლება უკრაინული მხარისგან შესაბამის განმარტებებს ითხოვს:
"წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც არის აკრძალული საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყანაში, მას მიენიჭოს ქართული წარმოშობის სერთიფიკატი და შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არამხოლოდ საქართველო ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს პროდუქციის შეტანაზე. შესაბამისად აბსოლუტურად გაუგებარია ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვთ ბუნებრივია შესაბამის განმარტებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პარტნიორებს, რომლებსაც სანქციები აქვთ დაწესებული კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში, საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არანაირი კითხვები არ გააჩნიათ," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, რომ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ:
"ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ასეთი განცხადება ფაქტების გარეშე ვრცელდება, ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი – ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ასეთი მორიგი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არც ერთ ფაქტს არ ეფუძნება და არც ერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხალხებს შორის – მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც იმედოვნებს, რომ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება:
"როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ვნახეთ არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება და ვხედავთ, რომ არანაირი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. აქაც ჩანს, რომ ეს არის უბრალოდ განცხადება. სამწუხაროდ, ეს არ არგებს იმ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არის. ამიტომ იმედი მაქვს, დამატებით განმარტებას გააკეთებენ, თუ არადა, დიდი ალბათობით, ეს განცხადება განცხადებად დარჩება. ჩვენ ვნახეთ, რომ შემდეგ არცერათ ოფიციალურ განცხადებაში არ განმეორებულა მტკიცებით ფორმაში," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.