15 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
მორიგი ბრალდება კიევიდან - უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ისევ დაიბარეს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი განმარტებებისთვის დღეს ისევ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო უწყებაში ანდრეი კასიანოვს უკრაინული დაზვერვის ბრალდებებზე განმარტება უკვე მეორედ მოსთხოვეს.

სამინისტრო დიპლომატისგან იმ ბრალდებების არგუმენტირებულ დასაბუთებას ითხოვს, რომელიც სპეცსამსახურმა რუსული პროდუქციის სავარაუდო რეექსპორტთან დაკავშირებით გაავრცელა. საუბარია უკრაინული დაზვერვის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, შესაძლოა რუსეთს სანქცირებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობა მისცენ.

რუსული პროდუქციის ქართული მარკით შესაძლო გასაღება რომ ტექნიკურადაც კი შეუძლებელია, ამაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ევროპულ ბაზარზე სავაჭრო საქონელს ქართულ საბაჟოსთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებიც ამოწმებენ, რაც რაიმე სახის პრაქტიკულ გადაცდომასაც კი გამორიცხავს.

უკრაინული დაზვერვის სამმართველოს მორიგი განცხადება არაერთგვაროვნად შეფასდა ოპოზიციაში. პოლიტიკოსების ნაწილი მსგავს ბრალდებებზე მტკიცების ტვირთს უკრაინულ მხარეს აკისრებს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაურკვევლობაში სიცხადე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს.

ოპონენტების პოზიცია გაუგებარი, მეგობარი ქვეყნის ბრალდება კი აბსურდულია "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის. მმართველ პარტიაში უკრაინულ დაზვერვას ინფორმაციის დამამტკიცებელ ფაქტებს სთხოვენ. პოლიტიკოსები სპეცსამსახურის მოქმედების მიღმა, საქართველოში ძებნილი პოლიტიკოსების კვალსაც ხედავენ. თუმცა, მიუხედავად ამისა ამბობენ, რომ საქართველო უკრაინის ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს.

უკრაინულმა დაზვერვამ პირველი ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ 5 აპრილს, რუსეთთან იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით გააჟღერა. დღეს სპეცსამსახური ეჭვობს, რომ საქართველო შესაძლოა ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებული პროდუქტის მაშველ რგოლად იქცეს. მიუხედავად მოთხოვნისა, უკრაინულ მხარეს არცერთი მტკიცებულება ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

 

დღის ამბები