საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს მატეო მეკაჩის შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისა და ODIHR-ის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მხარდაჭერისა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ თემატურ პროექტებში. აქვე, ყურადღება გამახვილდა ეფექტური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა ODIHR-ს მადლობა გადაუხადა საქართველოში გამართულ არჩევნებზე წლების განმავლობაში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნისთვის.
ყურადღება დაეთმო საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ODIHR-თან მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, მის გავლენაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი, როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე - პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ODIHR-ის მხრიდან სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი, იურიდიული ოფიცერი კარინ სიმონსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.