რუსი ოლიგარქი, რომელიც ჰანთერ ბაიდენს შეხვდა, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, მაგრამ არა შეერთებული შტატების მიერ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა ნიუ იორკ პოსტი და ბრიტანული დეილი მეილი.
დასავლური მედია, ბაიდენის ადმინისტრაციას, ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს. გამოცემის მტკიცებით, ევტუშენკოვს ამერიკული სანქციები სწორედ ბაიდენის შვილთან მისი მჭიდრო კავშირის გამო არ შეეხო.
გამოქვეყნებულმა სტატიამ ისევ აქტუალური გახადა ჩანაწერის თემა, სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის საუბარი უკრაინის ომის და შეზღუდვების დაწესების შემდეგ გაიმართა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კი მითი რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის კავშირს და სანქციების თავიდან არიდებას ეხებოდა, დაიმსხვრა.
დასავლური მედია რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის საქმიან კავშირზე წერს. ევტუშენკოვი, რომლის სავარაუდო სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, "ნიუ იორკ პოსტისა" და "დეილი მეილის" გვერდებზე მოხსენიებულია, როგორც ჰანთერ ბაიდენის ბიზნეს პარტნიორი.
გავრცელებულ ინფორმაციას დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულმა სტატიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია თემით მიზანმიმართულად მანიპულირებდა.
ადევს თუ არა ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონებას ამერიკული სანქციები, ოპოზიციის ნაწილისთვის უცნობია. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევტუშენკოვთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა მმართველ გუნდს პერსონის მიმართ კომპლექსი გაუჩინა, რაც მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
განსხვავებულია საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილის შეფასება - "გირჩი" კოლეგებსა და ხელისუფლებას, მეორეხარისხოვან თემებზე საუბრით, რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.
ჰანთერ ბაიდენისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის კავშირი ოპოზიციის ბრალდებების სიცრუის დასტურია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბრალდებები ბაიდენის შვილის პარტნიორთან საუბრის გამო წაუყენო არასერიოზულია.