08 მაისი 2024,   07:18
ვრცლად
თავისუფლების 11 კვადრატული კილომეტრი, რომელიც ჯოჯოხეთად იქცა - რა მდგომარეობაა მარიუპოლის უკანასკნელ ბასტიონზე - "აზოვსტალში"

ბლოკადაში მოქცეული ფოლადის ქარხანა ისევ ბომბების ქვეშაა. "აზოვსტალი", რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის გული გახდა, გადამწყვეტ ბრძოლაშია. იქ ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილი სამხედროები. მარიუპოლის მცველები სიცოცხლის ბოლო წუთებამდე აპირებენ იბრძოლონ საკუთარი ქალაქის ბოლო ციხესიმაგრისთვის, რომელიც პირველი მარტიდან ალყაშია. 

გუშინ რუსულმა ძალებმა ქარხნის პერიმეტრი დაარღვიეს. რუსი სამხედროები "აზოვსტალში" ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა შეიყვანა, რომელმაც ოკუპანტებს საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია გადასცა. 

"აზოვი" ტერიტორიის დაცვას ახერხებს. ბატალიონის მებრძოლებთან კავშირიც აღდგა. საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავანს მიუახლოვდა.

დღეიდან 7 მაისის ჩათვლით აზოვსტალიდან მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფნები უნდა გახსნილიყო, თუმცა პირობა რუსეთმა დღესაც დაარღვია, "მწვანე დერეფანი" აღარ გახსნილა.

გასული დღეების განმავლობაში მარიუპოლიდან 344 ადამიანი გამოიყვანეს. ევაკუირებულებს შორის არიან ბავშვები, ქალები, ხანდაზმულები. 

უკრაინის პრეზიდენტმა "აზოვსტალიდან" დაჭრილების გამოყვანასა და მათ გადარჩენაში შუამდგომლობის თხოვნით გაეროს გენერალურ მდივანს მიმართა. 

"აზოვსტალიდან" ხალხის გადასარჩენად უკრაინა მოლაპარაკებებს განაგრძობს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო. ვრცელდება პირველი კადრები მარიუპოლთან განთავსებული რუსული საფილტრაციო ბანაკიდან. ვიდეოში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს ვითარებაში არიან. პირდაპირ იატაკზე წვანან და ელოდებიან საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებას, რომლებიც მათ დახვრეტით ემუქრებიან. მათ შორის არიან დაჭრილებიც. დატყვევებულების ნაწილს ან ქალაქის ნანგრევებისგან გასაწმენდად ცოცხალ ძალად გამოიყენებენ ან რუსულ ჯარში სამსახურს აიძულებენ. 

ოკუპანტებმა მეტალურგიული კომბინატის შტურმი ორი დღის წინ დაიწყეს, თუმცა მოსკოვი უარყოფს, რომ რუსი სამხედროები იმ ქარხანას ბომბავენ, სადაც  მშვიდობიანი მოქალაქეები ამ დრომდე რჩებიან. ქალაქის ბოლო სიმაგრე ამ წუთამდე ზღვიდან, ხმელეთიდან და ციდან სარაკეტო იერიშების სამიზნეა.

დღის ამბები