საფრანგეთის ელჩის განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს პოლიტიკა და დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრის სტატუსს.
"კითხვარს აქვს მნიშვნელობა იმ კუთხით, რომ რა თქმა უნდა, ღირებულებითი კავშირიც არის. რეფორმების კუთხით საქართველო სად არის ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როდესაც ვიცით, რომ დიდი გარღვევები დემოკრატიის კუთხით არ გაქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება საბოლოო ჯამში მისაღები.
ერთი არის ევროსაბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეორე კომისიის შეფასება კითხვართან მიმართებაში. ამიტომ ორივე მიმართულებით იყო სამუშაო და დაუყოვნებლივ არის განსახორციელებელი პოლიტიკა იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ევროკავშირის ქვეყნები, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.
ინფორმაციისთვის: საფრანგეთის ელჩი აცხადებს, რომ ამ მომენტში ტრიოს ქვეყნები ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის სტატუსს და არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.