ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერები პოლიტიკურად მოტივირებულს და კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობას უწოდებენ.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ გვარამიას დაჭერა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. მისივე თქმით, ამ ბრძოლის დასრულების, ასევე სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების უმოკლესი გზა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაა.
"ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცენდენტს ქმნის თვითონ "ქართული ოცნებისთვის". რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ის დაიჭირეს, მე მგონი ეს ფაქტია, რომ არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი მხარე, ამ ბრძოლაში აწმყოში გამარჯვებული, დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ჩვენ ასე გავაგრძელებთ თუ ეს ბრძოლა არ დამთავრდება, ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, ამით ზიანდება მთელი ქვეყნის ინტერესები.
ამ ბრძოლაში, ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს და ამ დამთავრების მთავარი გზა, რომელიც ამავდროულად არის მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა - არის "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა," - ამბობს ხვიჩია.