არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა შედიოდა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.). ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
"არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.
მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.
ყოველივე ამის საფუძველზე, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ხსენებულის გარდა, ასევე დარღვეულ იქნა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126ნ), რომელის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანიზაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის ჯარიმა დააკისრა 10 000 ლარის ოდენობით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.