24 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
მარიუპოლის მცველების შთამბეჭდავი ფოტოები და აფეთქების ფონზე ნამღერი "სტეფანია" - ვინ არის ჯარისკაცი, რომელსაც "აზოვსტალის თვალები" უწოდეს

მარიუპოლის მცველმა დმიტრი კაზაცკიმ  ("ორესტი") დღეს "აზოვსტალიდან" ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. მასზე ასახულია განადგურებული ქარხანა, რომელიც უკვე 80 დღეა ოკუპანტების მთავარი სამიზნეა. დმიტრი კაზაცკი არა მხოლოდ იცავს უკრაინას ოკუპანტებისგან, არამედ ისტორიას  "აზოვსტალში" განვითარებული მოვლენების კადრებს უნახავს. დღევანდელ ფოტოებს თან მადლობის პოსტიც ახლდა:

"სულ ესაა. მადლობა "აზოვსტალის" თავშესაფრიდან - ჩემი სიკვდილისა და ჩემი სიცოცხლის ადგილიდან," - წერს დმიტრი კაზაცკი.

 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დმიტრი კაზაცკის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ჯარისკაცი, რომელსაც "აზოვსტალის" დანგრეული სახურავიდან ჩამოსული სხივი ეცემა.

მისი გადაღებული ფოტოების გამო ჯარისკაცს "აზოვსტალის თვალებს" უძახიან.

დღეს მან ტვიტერზე მიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ითხოვს, რომ მისი ფოტოები საერთაშორისო კონკურსებზე გააგზავნონ:

"სხვათა შორის, სანამ ტყვეობაში ვარ, საუკეთესო ხარისხში დაგიტოვებთ ფოტოებს, ყველა ჟურნალისტურ დაჯილდოებაზე და ფოტოკონკურსზე გააგზავნეთ, თუ რამე მოვიგე, გამოსვლის შემდეგ ძალიან გამიხარდება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შეხვედრამდე," - წერს მარიუპოლის მცველი ჯარისკაცი-ფოტოგრაფი.

თუმცა მხოლოდ ფოტოგრაფია არაა ის სფერო, რომლითაც "ორესტი"  საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ დმიტრი კაზაცკი იყო ის ჯარისკაცი, რომელიც "აზოვსტალის" სარდაფში, ჭურვების აფეთქების ხმების ფონზე ასრულებდა ევროვიზიაზე გამარჯვებულ სიმღერას - "სტეფანიას". ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ ეტაპზე უცნობია კვლავ "აზოვსტალში" იმყოფება თუ არა დმიტრი კაზაცკი.

"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მაისის დასაწყისში დაიწყო. 16 მაისს კი ქარხნიდან უკვე დაჭრილი სამხედროებიც იქნენ ევაკუირებული. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უმაღლესმა ხელმძღვანელობამ სამხედროებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა უბრძანა. "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ "მარიუპოლის მთელი გარნიზონისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს".

19 მაისს "აზოვის" მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა ("კალინა")  გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან უარყო რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია "აზოვის"  მეთაურების ტყვედ ჩაბარების შესახებ და განაცხადა, რომ მეთაურობა კვლავ "აზოვსტალშია" და ჯარისკაცების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

ამჟამად უკრაინელი სამხედროები გადაჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური კიევი ვერ აკონტროლებს, თუმცა უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლიდერების მონაწილეობა რუსეთს იძულებულს გახდის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და უკრაინელი ჯარისკაცები უკრაინას გადასცეს.

ამის პარალელურად მაისის ბოლოს, რუსეთის უზენაესი სასამართლო უკრაინის "აზოვის" პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებას განიხილავს.

ამასთან, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მარიუპოლის დამცველი "აზოვის" პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ. მათი თქმით, "აზოველები" სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

რამდენიმე დეპუტატი კი გამონაკლისი შემთხვევის სახით, სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმის გაუქმებას და უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯასაც კი  ითხოვს.

მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროები ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

დმიტრი კაზაცკის ფოტოები

 

 

დღის ამბები