26 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს, ჩამორთმეული რუსული ქონების დაზარალებული უკრაინელებისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მორიგ შემაჯამებელ ვიდეოში იმ ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლითაც პარტნიორ ქვეყნებს ჩამორთმეული რუსული ქონების, დაზარალებული უკრაინელებისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.

უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება და რომ რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც უკრაინას ესროლა.

"რუსულმა ფულმა კომპენსაციის სახით, უნდა მიაღწიოს ყველა დაზარალებულ ადამიანთან, ოჯახთან, ბიზნესთან. რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფო არც კი აღიარებს, რომ ის არის აგრესორი, მაგრამ მისი აღიარება არ არის საჭირო. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, კანონიერად აღიარონ, რომ რუსეთი მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ფინანსურად პასუხისმგებელი უნდა იყოს. ბოროტმა სამაგიერო უნდა მიიღოს და იცოდეს, რომ ის დაისჯება.

ამიტომ, ვიწვევთ პარტნიორ ქვეყნებს, ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც რუსეთის ქმედებებით დაზარალდა, შეძლებს ყველა დანაკარგისთვის კომპენსაცია მიიღოს. ასეთი შეთანხმების თანახმად, პარტნიორი ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ არსებული რუსული ქონება უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული, შემდეგ კი სპეციალურად შექმნილ ფონდში გადამისამართებული, საიდანაც რუსული აგრესიის ყველა მსხვერპლს შეუძლია შესაბამისი კომპენსაცია მიიღოს. ეს იქნება სამართლიანი. რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან ჩვენკენ გაისროლა," - განაცხადა ზელენსკიმ.​

დღის ამბები