ხელისუფლების კითხვარი ოპოზიციას - რას არ აკეთებს "ქართული ოცნება" უკრაინის მხარდასაჭერად და რა უნდა გაეკეთებინა. მმართველმა პარტიამ საჯარო დისკუსია გახსნა. ახლა ყველა ელოდება, რა პრეტენზიებს ჩამოწერენ ხელისუფლების ოპონენტები და რიტორიკის გარდა კიდევ რა არ მოსწონთ კრიტიკოსებს.
უკრაინელი სპიკერებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით საქართველოში სიტყვებს - "მეორე ფრონტი", ყველა ერიდება. ოპოზიციას დღეს არც რუსეთთან კონტრაბანდული ვაჭრობა უხსენებია.
"ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებისგან მაგიდაზე მტკიცებულებებით გაჯერებული არგუმენტების დადება დღეს მოითხოვა. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ თბილისი კიევს ყველა შესაძლო რესურსით ეხმარება, მათ შორის საერთაშორისო არენაზე.
ამიტომ, ახლა ოპოზიციას მოუწევს დაამტკიცოს, როგორ ეხმარება თბილისი მოსკოვს ირიბად. პრეტენზიები ბევრს აქვს, კონკრეტული პასუხი კი ცოტას.
შეთავაზება მმართველი გუნდის ოფისიდან დღეს პარტიის თავმჯდომარემ გააჟღერა. "ქართული ოცნება" მზად არის ნებისმიერ დასაბუთებულ ბრალდებას თუ შენიშვნას არგუმენტებით უპასუხოს. ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან მუდმივი შეტევის ობიექტია, რაც პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებით, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას. კობახიძე პრეტენზიების დასაბუთებას ოპოზიციასთან ერთად მათ დასავლელ ლობისტებსაც სთხოვს.
ირაკლი კობახიძეს მალევე საპარლამენტო ტრიბუნიდან უპასუხეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილს ხელისუფლების რუსეთთან კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებად კვლავ მათთვის მიუღებელი განცხადებების რიტორიკა მოჰყავს. ოპოზიციაში დღეს რუსეთთან კონტრაბანდული ტვირთებით ვაჭრობის ბრალდებაზე აღარაფერი უთქვამთ. საკუთარი პირობაც წამოაყენეს და თქვეს, რომ შეკითხვებს მაშინ დაწერენ, როდესაც "ოცნება" ევროკავშირის კითხვარის პასუხებს გაასაჯაროებს.
განსხვავებულია ოპოზიციის მეორე ნაწილის მოსაზრება. დეპუტატები უკრაინის საკითხზე საჯარო დისკუსიის გახსნას მიესალმებიან. მათ მმართველ ძალასთან სხვა პრეტენზია აქვთ. მათი თქმით, ხელისუფლებამ რეგიონში ომის ფონზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის შანსები ხელიდან გაუშვა.
ოპონენტებს დღის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობიდანც უპასუხეს. კანონმდებლებმა ოპოზიციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა შეახსენეს და განმარტეს, რომ ეროვნული ინტერესების დაზიანებით პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.