საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვდა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვის მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებთ. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა მზაობა, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოსა და მოლდოვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
ირაკლი ღარიბაშვილი- ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
"ძალიან კარგი საუბარი შედგა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან. ევროკავშირში გაწევრიანება ორივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. ამ გზაზე აქტიურად გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ჩემს კოლეგას კვლავ დავუდასტურე საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.