"ევროკავშირის პარტნიორობა მეზობელ ქვეყნებთან" - ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს.
"ჩვენ ერთგული ვართ ევროკავშირის მიმართ რადგან საერთო პრინციპები, ღირებულებები და ფასეულობები გვაქვს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის მთავარი დოკუმენტი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზნის საგზაო რუკა, რომელიც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა მაქსიმუმს გააკეთებს ევროკავშირთან დასაახლოვებლად და საბოლოო მიზნის მისაღწევად. ევროკავშირის წევრობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, ამბობს პრემიერი. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი ქვეყანას უკვე შესრულებული აქვს.
პრემიერთან ერთად განხილვაში ესტონეთის პრეზიდენტი, მოლდოვას პრემიერი და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობენ. პარალელურად დავოსის ეკონომიკური ფორუმის მესამე დღეს, ქართულ დელეგაციას ისევ ექნება ორმხრივი შეხვედრები.
"მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბრო ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებაზე. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა კოვიდის შემდეგ, რომ შევხვედრილიყავით პირადად და ამისთვის მადლობას გიხდით. აქვე მინდა ვახსენო, რომ საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, არ არის მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან ერთგულნი ვართ ევროკავშირის მიმართ, იმიტომ რომ საერთო მიზნები, საერთო პრინციპები, საერთო ფასეულობები გვაქვს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს, ეს არის მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევი, სრულყოფილი და სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის.
მას შემდეგ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართველი ხალხისთვის და სულ ახლახანს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან - რა თქმა უნდა ჩვენთვის მისაღები იქნება, იმიტომ რომ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. მე როგორც ვახსენე ეს არის ქართველი ერის არჩევანი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რომელიც არის სრულფასოვანი წევრობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.