ოპოზიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მოითხოვს "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინოს დამადასტურებელი საბუთი, რომ ისინი მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქვეყნისთვის წინააღმდეგობის შექმნას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.
ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანა სტატუსს იმსახურებს, რადგან რთული გზა განვლო 50 წლის განმავლობაში. მათი თქმით, თუ სტატუსს ქვეყანას არ მიანიჭებენ, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
"ჩვენ გვსურს ამ კანდიდატი სტატუსის მიღება, მათ შორის, ეს იქნება ბერკეტი ამ ხელისუფლებაზე, რომ უფრო მეტად მოახდინოს დემოკრატიული ინსტიტუციების პატივისცემა. ეს ტყუილები თითქოს ვიღაცას არ უნდა რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი არის უბრალოდ პროპაგანდა. საქართველო იმსახურებს ამას. იმსახურებს არა დღევანდელი ხელისუფლების გამო, არამედ, წინა ათწლეულებისა და წინა საუკუნეების ბრძოლის გამო. თუ ეს ასე არ მოხდა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან და საქართველოში მოხდეს ისეთი პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც მოიტანს კანდიდატის სტატუსს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ობოლაძემ.
"ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, თავად "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მისივე თქმით, თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაშინ, მმართველ გუნდს საკუთარმა ამომრჩეველმა პასუხი უნდა მოსთხოვოს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ არის ფაქტები, როდესაც ოპოზიცია აფიქსირებს ისეთი პოზიციებს, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს და ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საქართველოს.
"სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ჩვენი თანამემამულეები აჟღერებენ ისეთ პოზიციებს, რომლებიც არ შედის დღეს საქართველოს ინტერესებში. აუცილებელი არ არის, პირდაპირ თქვა წინადადება, რომ საქართველოს არ მიანიჭონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, არამედ შენ შეიძლება, თქვა ყველაფერი, რათა ეს ასე გაკეთდეს.
ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს და ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ის გადაწყეტილება, რაც სჭირდება საქართველოს. საქართველოს სჭირდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ეს აუხსნას ევროპელ პარტნიორებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია, იქიდან ვინაიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა ველოდოთ," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი ირწმუნება, რომ ოპოზიცია ცდილობს გარკვეული წინაღობები შექმნას ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მიმართულებით.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიზანია საქართველომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც,ოპონენტების გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა.