რა მოჰყვება უარს და რა გეგმა აქვს ოპოზიციას, თუ თბილისი ბრიუსელისგან წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს - მმართველი პარტია არეულობის მოწყობის მცდელობის მოლოდინშია. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილს თავის ლობისტებთან ერთად ბრიუსელიდან უარის მიღების შემთხვევისთვის გეგმა უკვე გაწერილი აქვს. მათ შორის სახალხო მღელვარების მოწყობა, გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის.
"ქართული ოცნების" სათაო ოფისიდან წამოსულ ბრალდებებს ადრესატებმა საქართველოს პარლამენტიდან უპასუხეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ახლა გადაბრალების რეჟიმშია, რადგან
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპონენტები ბრალდების საპასუხოდ ხელისუფლებისგან მტკიცებულებებს ითხოვენ.
ოპოზიციის ნაწილი კი, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს წინააღმდეგ არ მუშაობენ, "ოცნებას" ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად ერთობლივ ვიზიტებს სთავაზობს.
ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნური ბარიერების შექმნაში ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძემ, დღეს, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, "ნაცმოძრაობა" და "ლელო" ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში ღიად იბრძვიან. კობახიძე ოპონენტების ნაწილისა და მათი ლობისტების ქმედებას დესტაბილიზაციისა და საქართველოს ომში ჩართვის სურვილს უკავშირებს, რაც მისი თქმით, მიუღწეველი მიზანია.
მმართველი ძალის ლიდერს, მტკიცებულებები მალევე მოსთხოვეს ბრალდების უშუალო ადრესატებმა. პარტიებში "ქართულ ოცნებაში" გაჟღერებულ მორიგ ბრალდებებს პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული დისკრედიტირების მცდელობად აფასებენ. ამბობენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუს იმსახურებს. თუმცა, საპირისპიროს შემთხვევაში, არც ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და ცვლილების მოტივით საპროტესტო აქციების გამართვას გამორიცხავენ.
კოლეგებისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, მეტწილად ევროკავშირის პასუხისმგებლობას ხედავს "გირჩი". პარტიაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. შესაბამისად, ევროგაერთიანების უარი ქვეყანაში დასავლეთის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას გააღრმავებს. ამავდროულად, შეასუსტებს ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს.
დღის ბოლოს, ოპოზიციის ნაწილი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის საპარლამენტო უმრავლესობიდანაც გააკრიტიკეს. დეპუტატების თქმით, ოპონენტები ევროკავშირში პრობლემების შექმნით დესტაბილიზაციის ბერკეტის მოპოვებას ცდილობენ.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს წარადგინა. ქვეყანა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროპული გაერთიანების გადაწყვეტილებას მომდევნო თვის ბოლოსთვის ელოდება.