სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში გრძელდება - ვაჰაგნ ხაჩატურიანი პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
" პრეზიდენთან ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე განვიხილეთ რეგიონში, ამ ორ ქვეყანას შორის ამდენი წლის მეგობრობის გათვალისწინებით, მაგალითად საზღვარზე გადასვლის გამარტივება და სხვა ტიპის საკითხები, რომლებიც გააუმჯობესებს და უფრო სიღრმისეულს გახდის ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას",- ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განმარტებით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის მეგობრობის საკითხებზე ისაუბრეს.
"ვისაუბრეთ რეგიონალური უსაფრთხოების თემებზე, სომხურ-აზერბაიჯანული და სომხურ-თურქული ურთიერთობების ახალ ეტაპზე და ეს ინფორმაცია მარტო ამ შეხვედრიდან არ მოდის. იმედს გვიტოვებს, რომ კავკასიის მომავალი იქნება სტაბილური მიუხედავად ამ ურთულესი სიტუაციისა, რაც ზოგადად რეგიონში სუფევს, მსოფლიო რა პროცესებიც მიდის. თანამშრომლობა, მეგობრობა - ეს არის აუცილებელი მოთხოვნები, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს", - აცხადებს გია ვოლსკი.