"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. საკმაოდ ვრცელ ტექსტში ევროპის ყველაზე დიდი პარტია, რომლის პარტნიორიც საქართველოში "ნაციონალური მოძრაობაა", ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა შეფერხებულია.
EPP-ს ტექსტში ყურადღებას ამახვილებს მთავარი არხის დამფუძნებლის დაკავებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.
ევროპის სახალხო პარტიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ღია ტექსტით წერია, რომ კრიტიკული განცხადება "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებით მომზადდა. EPP-ის განცხადება, რომელიც ოფიციალურ თბილისს რეფორმებს უწუნებს, "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებთან მუშაობს ქვეყნის ევროინტეგრაციის შესაფერხებლად. ამასთან, ოპონენტების ნაწილის მიერ EPP-ის მიწოდებულ ინფორმაციას მანიპულაციურს უწოდებენ უმრავლესობაში. პარტია კი რომლის მოსაზრებებზე დაყრდნობითაც შეიქმნა კრიტიკული წერილი არ უარყოფს, რომ პარტნიორ ევროპულ პარტიას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას მუდმივად აწვდიან.
"ნაციონალურმა მოძრაობა" დღეს იმასაც ირწმუნებოდა, რომ პარტიის წევრები EPP-ის ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე პოზიცია გამოკვეთილად დაეფიქსირებინათ, თუმცა ევროპელმა პარტნიორებმა ეს არ გაითვალისწინეს.
სახალხო პარტიის განცხადებას არაერთგვარი შეფასება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მათი ნაწილი "ნაცმოძრაობის" მიმართ კრიტიკას არ იზიარებს და ევროპელი მხარდამჭერების მოძებნას ხელისუფლებისგან ითხოვს. მეორე ნაწილისთვის კი გაუგებარია რატომ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ბრიუსელში გადაიტანოს.
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროგაერთიანების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაში ელოდებიან. ქვეყნებმა ევროკავშირში განაცხადი, უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად, დაჩქარებული წესით შეიტანეს.