21 მაისი 2024,   23:10
ვრცლად
უკრაინა აშშ-სგან "ჰაიმარსის" სარაკეტო დანადგარს მიიღებს, რომელსაც მიზანში ამოღება 80 კმ-მდე რადიუსში შეუძლია

700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება და დასავლური სარაკეტო სისტემები უკრაინას. პენტაგონი უკრაინაში შორს მანძილზე მოქმედ თანამედროვე ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გაგზავნის. ამერიკული წარმოების ჰაიმარსის სარაკეტო დანადგარს მოწინააღმდეგის მიზანში ამოღება 80 კილომეტრამდე რადიუსში შეუძლია.

მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გადაცემამდე ამერიკამ უკრაინისგან გარანტიები მოითხოვა. ოფიციალურმა კიევმა კი პენტაგონი დაარწმუნა, რომ მართვადი, მაღალი სიზუსტის რაკეტების მიღების შემთხვევაში, რუსულ ტერიტორიებზე იერიშს არ მიიტანს.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კმაყოფილია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანიც.

ვაშინგტონთან კონსულტაციების შემდეგ, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი თანამედროვე სარაკეტო სისტემით აღჭურვის გადაწყვეტილება მიიღეს ლონდონშიც. ბრიტანეთი უკრაინას ნატოს სტანდარტების მრავალჯერად საარტილერიო სისტემებს მიაწვდის.

უკრაინამ დაპირება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემით შეიარაღებაზე გერმანიისგანაც მიიღო. ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბუნდესვერის არსენალში არსებული IRIS-T საზენიტო დანადგარი უკრაინას უახლოეს მომავალში გადაეცემა. კანცლერმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ საჰაერო სისტემა დიდი ქალაქების თვითმფრინავებისგან, ვერტმფრენებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან დაცვას უზრუნვეყლოფს.

ვიდრე უკრაინა მძიმე ტექნიკას ელოდება, გამოცემა როიტერსის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყნისთვის ნაცრისფერი არწივების დრონების მიყიდვას გეგმავს. აპარატებს ფრენა 30 საათის განმავლობაში შეუძლიათ, რა დროსაც სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებენ. დრონი აღჭურვილია მართვადი ჭურვებით. დაბლოკავს თუ არა კონგრესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მანამდე კი უკრაინა ლიეტუვისგან თურქულ ბაირაქტარს მიიღებს. ლიეტუვის მოსახლეობამ მის შესაძენად 6 მილიონამდე ევრო მოაგროვა. დრონების მწარმოებელმა კომპანიამ კი ლიეტუვას უსასყიდლოდ გადასცა სრულად აღჭურვილი საფრენი აპარატი. თანხა უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

დღის ამბები