17 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
რა განწყობებია ევროპარლამენტში და ემხრობიან თუ არა ევროპარლამენტარები ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 

ევროკომისიის საბოლოო შეფასებამდე, სულ ცოტა დრო რჩება. ამის შემდეგ, უკვე ივნისის ბოლოს, ტრიოს ქვეყნების კანდიდატობის სტატუსზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

რა განწყობებია ევროპარლამენტში და როგორ ხედავენ ტრიოს ქვეყნების პერსპექტივებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში - ევროპარლამენტარების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწარფებები აღიარებული უნდა იყოს:

"ასეთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უნდა ვაღიაროთ საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწარფებები. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური სიგნალები და გზავნილები იქნება რეფორმების გატარების მიმართულებით, კანონის უზენაესობის კონსოლიდაციითა და დემოკრატიით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გარე ზეგავლენებისგან მოწყვლადები არიან. რუსეთი ცდილობს იმპერიის აღდგენას. ამ დროს კი სამივე ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირთან დაახლოება სურს. ამ ქვეყნების ლიდერებზეა დამოკიდებული, მოსახლეობის ამბიციები სათანადოდ იქნება თუ არა მხარდაჭერილი. ჩვენ უნდა დავუჭიროთ სამივე ქვეყნის მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს მხარი. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ, გვერდზე გადადონ ყველა განსხვავება და პირადი პარტიული ინტერესი და იმოქმედებენ ერთად, ხალხის ოცნების რეალიზაციისთვის,"- აცხადებს ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი.

ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი კი აცხადებს, რომ არაჩვეულებრივი პოლიტიკური ამინდია კანდიდატის სტატუსის მისაღებად არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც:

"ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. არაჩვეულებრივი პოლიტიკური ამინდია კანდიდატის სტატუსის მისაღებად არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც. ახლა ევროკავშირმა უნდა მოახდინოს კეთილი ნების დემონსტრირება საქართველოსთვის გაერთიანების კარის გაღებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნაბიჯია.

ევროკავშირის ინტერესშიც არის პოტენციური გაფართოება და ჩვენი გავლენის ზონების გაზრდა. ომის დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯი გადაიდგას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც შედის," - აღნიშნავს ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი.

გამონაკლისი არც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიია, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრირება უნდა მოხდეს:

"ომი რომ არა, ახლა რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით არც ერთი ქვეყნის პოტენციური კანდიდატის სტატუსზე საუბარს. ახლა სრულიად სხვა ვითარებაა. უმრავლესობა თვლის, რომ ამ ქვეყნების ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ ევროკავშირში, თან ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამ პროცესისთვის ძალიან ბევრი პირობა არსებობს, აპლიკანტმა ქვეყნებმა ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მთავრობაზეა დამოკიდებული რა გზას აირჩევს, ნამდვილად სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, სურთ თუ არა რეფორმების იმპლემენტაცია. თუ ეს ყველაფერი შესრულდება, მაშინ საქართველო ევროპის გზას დაუახლოვდება. ჩვენ ყველას გვსურს საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

დღის ამბები