17 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
მხარდამჭერი განცხადებები საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში - რა პოზიცია აქვთ გადამწყვეტი კენჭისყრის წინ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს 

"კურიერი" დღეს ევროპარლამენტში არაერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს ესაუბრა. დეპუტატები ევროპული საბჭოს მხრიდან ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ასოცირებული ტრიოს ევროპულ პერსპექტივაზე, "კურიერმა" კითხვა ევროპარლამენტის პრეზიდენტსაც დაუსვა. რობერტა მეცოლას თქმით, ქვეყნები, რომლებიც ევროპას თავის სახლად აღიქვამენ, ევროკავშირმა კარი არ უნდა დაუხუროს. ამ პროცესის მხარდაჭერას კი ევროპარლამენტი განაგრძობს.

ვიდრე ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამ გზავნილს ევროპულ საბჭოს წარუდგენს, მანამდე უკრაინის რადას სპიკერი მხარდაჭერის მოსაპოვებლად სტარსბურგში ჩავიდა. რუსლან სტეფანჩუკმა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა.

უკრაინაში ომმა რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვალა და პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა დღის წესრიგში დააყენა, ამაზე ვიოლა ფონ კრამონი კიდევ ერთხელ საუბრობს. ევროპარლამენტარის თქმით, აპლიკანტ ქვეყნებს არაერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ.

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე განცხადება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზეც გაკეთდა. ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეპუტატებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის წერილი გააცნო, სადაც საუბარია საქართველოსა და მოლდოვასთვის არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდაზე.

მიიღებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს ასოცირებული ტრიოს ქვეყნები - ეს თვის ბოლოს უნდა გაირკვეს, სავარაუდოდ, ევროკავშირი საკუთარ პოზიციას 24 ივნისისთვის გაასაჯაროებს.

 

დღის ამბები