უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახდა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის გარდა ევროპულისა და არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადაჰყვეს ქვეყანა ამ პროცესის წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.
უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა განცხადების კონტექსტი და მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის გვარამიასა და სააკაშვილთან ერთ სიბრტყეში დაყენება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი.
"ახლა გადის რამდენიმე წელი და ქალბატონი პრეზიდენტი აიგივებს ივანიშვილს სააკაშვილთან, გვარამიასთან, სხვა სუბიექტებთან "ნაციონალური მოძრაობიდან" და კრიმინალებთან, ეს არის ადამიანურ დონეზე მიუღებელი. ყოველთვის უნდა ახსოვდეს მას, ვინ არის ის მილიონი ქართველი, რომელმაც ის მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. ის მილიონი ქართველი არ არის მეგის ქარდავას, ან სააკაშვილის მოყვარული ქართველი, ის არის ქვეყნის თავისუფლების მოყვარული ქართველი," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.
პრეზიდენტის განცხადებას აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.
"ვის ვის და - ქალბატონ სალომეს კარგად მოეხსენება, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით რომ მოსულიყო პოლიტიკაში, ჩაეყარა საფუძველი იმას, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარებულიყო.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, რომ ევროკავშირის სტატუსს არ გადავაყოლოთ ნებისმიერი პიროვნების ინტერესები, არის არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ არასწორი, ძალიან რბილად რომ ვთქვა.
მის განცხადებებში ჩანს, რომ მას გაცილებით უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე არის მისი ფუნქციები და შესაძლებლობები და მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტის, არამედ როგორც პიროვნების," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.