უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.
სანქციები პირველად 2014 წლის ივნისის თვეში დაწესდა. იგი მოიცავს ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას, ასევე ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციების და ტურისტული სერვისების აკრძალვას ოკუპირებულ ყირიმში და სევასტოპოლში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეზღუდვები ეხება გარკვეული პროდუქციის და ტექნოლოგიების ექსპორტს ყირიმში დაფუძნებულ კომპანიებში, ასევე სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკის სექტორებში ან ნავთობის, გაზისა და სხვა რესურსების მოსაძიებლად.
როგორც მედია წერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 25 თებერვალს განაცხადა, რომ იძულებითი და უკანონო ანექსიიდან რვა წლის შემდეგაც, ევროკავშირი არ ცნობს და აგრძელებს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის დაგმობას და საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევად განიხილავს.