19 მაისი 2024,   14:22
ვრცლად
სევეროდონეცკში ვითარება კვლავ მძიმეა - აზოტის ქიმიურ ქარხანას თავს 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს

სტატუსის მოლოდინში მყოფი კიევი კვლავ რუს ოკუპანტებს იგერიებს. მხოლოდ ბოლო 24 საათში დონეცკის ოლქზე რუსულმა არმიამ ავიაციისა და კასეტური ჭურვების საშუალებით 23 დარტყმა განახორციელა და 16 დასახლებული პუნქტი დაბომბა. დაჭრილებისა და გარდაცვლილების რაოდენობას მშვიდობიან მოსახლეობაში კიევი ამ დრომდე ითვლის.

აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა მიკოლაივშიც, რომელსაც ზღვიდან "ონიკსის" ტიპის რაკეტები ესროლეს.

დაბომბვის ქვეშ მოყვა ხარკივიც, რომელზეც სარაკეტო შეტევის ინტენსივობა ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კვლავ სევეროდონეცკშია, ქალაქს თითქმის სრულად ოკუპანტები აკონტროლებენ, ახლა კი ბრძოლა სამრეწველო რაიონის ასაღებად მიდის, რომელსაც თავს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს. რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში შეაღწიეს, აზოტის ქიმიური ქარხანა სევეროდონეცკის ერთადერთი ნაწილია, რომელიც ამ დრომდე უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქარხანას 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, გააძლიერებენ საარტილერიო შეტევას ბახმუტის აღმოსავლეთით, რათა ჩრდილოეთით თავდასხმისთვის პირობები შექმნან და სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ალყა სამხრეთიდან გააძლიერონ.

რუსული ქვედანაყოფები თავდასხმაზე არიან ორიენტირებული სლავიანსკის მიმართულებითაც. უკრაინის გენშტაბის თქმით, რუსული სამხედრო ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად არტილერიას იყენებენ. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხრეთ უკრაინაში რუსული ძალები უკრაინელი სამხედროების შეკავებას ცდილობდნენ, რის გამოც რუსეთი ხერსონის რეგიონის საზღვრის გასწვრივ შეტევაზე გადავიდა.

ოკუპანტებმა საარტილერიო შეტევა გააძლიერეს ხერსონის მსგავსად მიკოლაივის ოლქის საზღვარზეც. ხერსონში კი, რომელიც ამჟამად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულია, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ.ლ რეფერენდუმს შემოდგომაზე გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მარიონეტი ხელმძღვანელის მოადგილემ ისაუბრა. საგულისხმოა ისიც, რომ გასულ კვირებში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას.

რუსი სამხედროები აგრძელებენ ქალაქ ხარკივის და მისი ოლქის დაბომბვასაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდასხმას სულ მცირე 4 ადამიანი შეეწირა 10 პირი კი დაშავდა. უკრაინული მხარის ინფრომაციით, რუსები ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს იყენებენ, რითაც სხვადასხვა ობიექტი ამოიღეს მიზანში. აქტიურად იბომბება რეგიონული ცენტრები და საცხოვრებელი დასახლებები, დარტყმები განხორციელდა ინდუსტრიულ ზონასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ოკუპანტი ქვეყანა შეტევას არ წყვეტს, თუმცა უკრაინულ მხარეს გარკვეული წინსვლაც აქვს. რუსების მთავარ სამიზნეს კვლავ დონბასი წარმოადგენს, დონეცკის ოლქში კი უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს და ქალაქი მარინკადან აგრესორს უკან დაახევინეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზეც მიიტანეს საჰაერო იერიში. სამხედრო ოპერაცია კვლავ პროცესშია და ჯერ შედეგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

ავტორი : სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები