26 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
სენაკში გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება - წყალმოვარდნის შედეგად ქალაქის მთელი ტერიტორია დაიტბორა

სენაკში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ წუთებშიც გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. წვიმამ სახლები, ქუჩები და ნაკვეთები დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გეგუჩიას განცხადებით, წყალმოვარდნამ რეგიონს დიდი ზარალი მიაყენა და ხელისუფლება მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დაეხმარება.

"ყველა სამაშველო სამსახური, მერიის ყველა სტრუქტურული დანაყოფი მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს ლიკვიდირებული სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მობილიზებულია მოხალისე ჯგუფები.

საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ანალოგიური სიტუაციაა, უბრალოდ, სენაკი ყველაზე მეტად დაზარალდა," - ამბობს გიორგი გუგუჩია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე სრულად დაიტბორა მოსახლეობა და ადმინისტრაციული ერთეულები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულს.

"მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მასშტაბური მუშაობა - როგორც არხების გაწმენდის, ისე ქალაქის დასუფთავების," - ამბობს გადელია.

დღის ამბები