საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" მიმდინარე პროცესების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ყველამ აიტაცა, თუმცა არცერთ გეგმას საერთო არაფერი აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან.
"ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე : ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ( რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო) …
თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.
ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…
ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით!
და გამოჩნდება ვის რა უნდა : ევროპა თუ ძალაუფლება!," - წერს ზურაბიშვილი.