26 აპრილი 2024,   21:56
ვრცლად
"5 ივლისს მომხდარი სისტემური ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან" - უჩა ნანუაშვილი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი საქმიანობის შესწავლის შუალედური მიგნებები წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც ულტრამემარჯვენე ლიდერების ძირითად გზავნილებს მოიცავს, გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ჯგუფებში ჭარბობდა ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური რიტორიკა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მონიტორინგში აღნიშნულია, რომ პრორუსული და ჰომოფობიური ჯგუფები აქციებს მართავდნენ 5-6 ივლისს ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების მხარდასაჭერად, ასევე "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საწინააღმდეგოდ. მონიტორინგი 2021 წლის 5 ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დღემდე დაუსჯელები არიან ის პირები, ვინც 5 ივლისს ძალადობის ორგანიზატორები იყვნენ. 

"მთავარი, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ამ ძალადობის ორგზანიზატორები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისს, დღემდე არიან დაუსჯელები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში საუბარია ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე, დღემდე ორგანიზატორები არიან დაუსჯელნი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ვიხილეთ მხოლოდ რამდენიმე პირის მიმართ დაწყებული სამართალწარმოება, მაშინ, როდესაც ძალადობა იყო სისტემური, დაზარალდა 50-ზე მეტი ადამიანი," - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშს დღეს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელის ესწრებოდა. 

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ლუის ლამერტისის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. 

"ნიდერლანდების მთავრობა გმობს 5 ივლისს მომხდარ ძალადობას, როგორც ლგბტ თემის, ასევე მედიის წარმომადგენლების მიმართ. გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს გამოძიების კუთხით, როგორც მოძალადეების, ასევე ძალადობის ორგანიზატორების მიმართ და არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ამ ძალადობის უკან იდგა გარკვეული ორგანიზაცია.

მადლობელი ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციისადმი, რადგან მათ ამ კვირას უზრუნველყვეს "თბილისი პრაიდის" ღონისძიებაზე ადამიანების უსაფრთხოება, რაც იმედის მომცემია. ასევე მისასალმებელია სამინისტროს მიერ გაკეთებული ორი განცხადება, გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით," - აცხადებს ლუის ლამერტისი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.

დღის ამბები