სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ხელისუფლების მხილება დაიწყო და მის მიმართ სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა.
ოპოზიცია მეტ დეტალებს და განმარტებებს ითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის მიმართ ჩატარდა სამაგალითო, სადამსჯელო ოპერაცია, რომლითაც ცდილობენ დააშინონ ის ადამიანები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" განუდგნენ. ბაჩო დოლიძეს მოლოდინი აქვს, რომ სუსი-დან ინფორმაციის გაჟონვა გაგრძელდება.
სტრატეგია აღმაშენებლის წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, სოსო გოგაშვილი იყო ხელისუფლების შექმნილი დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და სწორედ მისი განდგომა მიიღო "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მტკივნეულად და მწვავედ.