პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გეგმა მმართველმა გუნდმა დაუწუნა. ამასთან, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე სესიის მოწვევაზე მოთხოვნა "შოუს ნაწილია" და მათი თქმით, ეს ოპოზიციას არ გამოუვა.
"ოპოზიციას მე ვურჩევდი, რომ დარბაზის ჩაკეტვა კი არა, ღია რომ არის კომისიები ის მიიღონ მონაწილეობა. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ რაღაც შოუს დაამსგავსონ პროცესი, ხელმოცარულები დარჩნენ და ახლა ცდილობენ, თითქოს რაღაც არსებულს ქმნიან ქართულ პოლიტიკაში. სინამდვილეში, დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს და არ გამოუვათ. ორშაბათს ვიმსჯელებთ ბიუროზე, თუმცა გარწმუნებთ, რომ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული რომ ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. ჩვენ გვაქვს გაწერილი კონკრეტული გეგმა, სადაც ნოემბრის თვეში მაქსიმალურად იქნება ყველა კანონპროექტი მომზადებული,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ ცუდია როდესაც პრეზიდენტი მმართველი გუნდის დღის წესრიგს არ ეთანხმება.
"ცუდია როდესაც პრეზიდენტი მმართველი გუნდის დღის წესრიგს არ ეთანხმება და ეთანხმება იმ ოპოზიციის დღის წესრიგს, ვინც ამბობს, რომ ჩვენ მმართველ პარტიასთან ერთად, არაფერზე ვიმუშავებთო. რა აზრი აქვს ასეთი სესიის მოწვევას, ეს არის კლასიკური პროვოკაცია, რომ სამუშაო პროცესი ჩაშალონ. აქედან გამომდინარე ეს არის ნაბიჯი იქითკენ რომ ვითარება გამწვავდეს,"- აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.