ერთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა, სიტყვით არ უსარგებლია 21 კანონმდებელს, მათგან ათი უმრავლესობის დეპუტატია ,- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა ერთი მილიონ 100 ათას ლარზე მეტი.
ორგანიზაციის შეფასებით, მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტ-საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე.
ამასთან, ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი. ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში. ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლების განაწილებას", - ნათქვამია ანგარიშში.