15 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
სამი ოპოზიციური პარტია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" საერთო პოლიტიკურ მაგიდასთან დაჯდომას კვლავ არ აპირებენ

სამი ოპოზიციური პარტია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", ბრიუსელის რეკომენდაციების შესასრულებლად საერთო პოლიტიკურ მაგიდასთან დაჯდომას კვლავ არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ევროპული მიზნის მისაღწევად დამოუკიდებლად უნდა იმუშაონ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კონკრეტული პარტიების მხრიდან ბოიკოტი ხელს უშლის საკანონმდებლო დონეზე დაწყებულ ინკლუზიურ პროცესს და წინააღმდეგობაში მოდის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებთან. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს მცდელობა ალტერნატიული, პარტიული პლატფორმა შექმნას, რაც პარლამენტის დელეგიტიმიზაციას გულისხმობს.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს მალე უპასუხეს ადრესატებმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კანონდარღვევაში თავად შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე "ქართული ოცნების" უარი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს.

ოპოზიციას ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნის გამო აკრიტიკებენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოქმედ ჯგუფებში აქტიურად მონაწილეობენ. 

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, პარლამენტში დღეს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმ საკითხების იდენტიფიცირება მოახდინეს, რაზეც უახლოეს დღეებში მსჯელობა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან გაგრძელდება. ამ პროცესში თანამონაწილეობაზე უარი ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან, მმართველი პარტიის წევრების აზრით იმის დასტურია, რომ მათ ოპონენტებს საქმიანი დიალოგის მზადყოფნა არ აქვთ.

სასამართლო სისტემის რეფორმირება, მართლმსაჯულების პროცესში ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელთა შესახებ მსჯელობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები