15 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
დღეს, პარლამენტში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს - სამუშაო შეხვედრას მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა

ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობას საკანონდებლო ორგანოში მმართველი ძალა და ოპოზიციის ნაწილი კვლავ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძობს. პარლამენტში დღეს, დეპუტატებმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. მორიგი სამუშაო შეხვედრა, კვლავ "ქართული ოცნების" ორგანიზებით შედგა და მასში მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა.

ოპოზიციის მეორე ნაწილმა, რომელმაც მმართველი პარტიის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ალტერნატიული აუდიენცია მესამე სექტორთან ასევე საკანონმდებლო ორგანოში გამართა. თემა, რაზეც ისინი მსჯელობდნენ რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი, ომბუდსმენის არჩევის წესი იყო. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ის მიზეზები, რის გამოც ”ქართული ოცნების” მიერ დაწყებულ პროცესში არ მონაწილეობენ.

პროცესი, რომელსაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში აწარმოებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობაა. ირაკლი კობახიძემ დღეს საკითხის შეფასებისას თქვა, რომ ოპონენტების სამუშაო შეხვედრები არა რეკომენდაციების განხორციელებას, არამედ პირიქით, პუნქტების შეუსრულებლობას ემსახურება.

ოპოზიციის ალტერნატიული მუშაობის მიმართ კრიტიკულები არიან ის ოპოზიციონერებიც, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოქმედ ჯგუფებში აქტიურად მონაწილეობენ, მათ შორის ”მოქალაქეები”, რომლის წარმომადგენელიც დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა. მასთან ერთად, რამდენიმე საათიან განხილვა ესწრებოდა სნატო ჩხეიძეც. ის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის კვოტით შევიდა, თუმცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებისგან განსხვავებით, მმართველი ძალის მიერ შექმნილ სამუშაო შეხვედრებში ჩართვა გადაწყვიტა და გადაწყვეტილების მიზეზად ჩხეიძემ პოლარიზაციის შემცირება დაასახელა.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, მმართველი პარტიის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში თანამონაწილეობაზე უარი ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან, ”ქართული ოცნების” წევრების აზრით იმის დასტურია, რომ მათ ოპონენტებს საქმიანი დიალოგის მზადყოფნა არ აქვთ.

სამუშაო შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება. სასამართლო სისტემის რეფორმირება, მართლმსაჯულების პროცესში ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელთა შესახებ მსჯელობა სწორედ ამ ფორმატში მიმდინარეობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტები საშემოდგომო სესიისთვის მზად იქნება.

დღის ამბები