შესარჩევმა კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების გვარები უკვე გადასცა. ახლა მათი გაცხრილვა და დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარდგენა, 7 დღის ვადაში პრეზიდენტის პრეროგატივაა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის რევაზ ეგაძე, თამარ ალფაიძე და მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არიან. პრეზიდენტმა 5 კანდიდატიდან 2 უნდა შეარჩიოს ცესკოს წევრობის ორი ვაკანტური თანამდებობისთვისაც.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი, ლანა გალდავა ამბობს, რომ სანამ პროფესიული წევრები და ცესკო-ს თავმჯდომარე შერჩეული არ იქნებიან ფართო კონსენსუსის საფუძველზე, პროცესი აბსოლუტურად ბუნდოვანია.
"სანამ ხარვეზები არ აღმოიფხვრება, სანამ საკანონმდებლო ჩარჩო არ გასწორდება, სანამ პროფესიული წევრები და ცესკო-ს თავმჯდომარე შერჩეული არ იქნებიან ფართო კონსენსუსის საფუძველზე, რაც თავის მხრივ იმის გარანტია იქნება, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაიდგმება ნაბიჯი და მოსახლეობას ნდობა გაუჩნდება არჩევნების მიმართ, იქამდე ნებისმიერი პროცესი, რომელიც იგივე პროცედურებით ხორციელდება და იგივე ადამიანებით, ჩვენთვის არის აბსოლუტურად ბუნდოვანი," - აცხადებს გალდავა.