მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა "ვივამედში" გიული ალასანიამ მოინახულა. ექსრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს არ იცნობს, რადგან პოლიტიკის შესახებ შვილთან საერთოდ არ საუბრობს.
გიული ალასანია ადვოკატის სიტყვებს სარწმუნოდ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, სააკაშვილს უკრაინასთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები ჰქონდეს.
" ჩვენ საერთოდ არ ვეხებით ამ თემებს იმიტომ, რომ არ უნდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი. რაც შეეხება ადვოკატებს, მათი გამოგონილი ხომ არ არის, ალბათ აქვთ ხოლმე საუბარი ამ თემებზე.
ეს ადამიანი არის დღეს უკრაინის მოქალაქე და უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც მას მისცა მოქალაქეობა და ამ დროს, არის მეორე მხრივ საქართველო, რომელმაც ჩამოართვა მას მოქალაქეობა, დღეს ასეთი რეალობა გვაქვს.
ლოგიკური იქნება, თუ ის გამოჯანმრთელდება და მოგვარდება იურიდიული მხარეც, ალბათ უკრაინაში უნდა იყოს," - ამბობს ალასანია.