15 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ვინ გახდება ცესკო-ს ხელმძღვანელი - პრეზიდენტი პარლამენტს შერჩეულ კანდიდატურებს 1 კვირის ვადაში გადაუგზავნის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების სია უკვე პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე დევს. ვის კანდიდატურას შეარჩევს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გადასაგზავნად, რამდენიმე დღეში გაირკვევა. თავმჯდომარეობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელია. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არსებობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიტიური შეფასება, რაც ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ ჯერ პრეზიდენტმა და შემდეგ უკვე დეპუტატებმა, არჩევანი ისევ მის კანდიდატურაზე შეაჩერონ.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არიან რევაზ ეგაძე და პროფესორი თამარ ალფაიძე. თამარ ალფაიძემ საკონკურსო კომისიას საკუთარი ხედვები უკვე წარუდგინა, თუმცა მედიასთან კომენტარი დღეს არ გაუკეთებია. რევაზ ეგაძეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროისთვის, იგი ცესკოში, სწავლების პროცესის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ეგაძე ამბობს, რომ მოლოდინი პოზიტიური აქვს.

ოპოზიციის ნაწილი პროცესებს უნდობლობას უცხადებს. ამბობენ, რომ საარჩევნო კომისიაში ბევრი პრობლემაა, რომელიც კონკურსებითა და კანდიდატების შერჩევით ვერ მოგვარდება. განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას საკომიტეტო მოსმენებისა და დისკუსიების შემდეგ მიიღებენ, თუმცა დიდი ალბათობით, პარტიის მხარდაჭერა ისევ მოქმედ თავმჯდომარეს ექნება.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევს, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, გიორგი კალანდარიშვილმა მაღალი დონის პროფესიონალიზმი აჩვენა, თუმცა მათი საბოლოო გადაწყვეტილება, მაშინ გახდება ცნობილი, რაც კანდიდატებს მოუსმენენ და კითხვებზე პასუხებს მიიღებენ.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, განხილვები სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაიწყება. რა ვადით აირჩევენ კანონმდებლები თავმჯდომარეს იმაზეა დამოკიდებული, კენჭისყრის დღეს რამდენი მხარდამჭერის მობილიზება მოხდება სხდომათა დარბაზში, თუმცა მანამდე იქნება საკომიტეტო მოსმენები. თუ კანდიდატი პირველ ჯერზე დეპუტატების 100 ხმას მიიღებს, ის თანამდებობაზე სრული ვადით, 5 წლით დაინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ 100 ზე ნაკლები კანონმდებლის ხმა დაფიქსირდება განმეორებით კენჭისყრაზეც, თებერვლის მსგავსად, დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით აირჩევენ.

დღის ამბები