15 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"ამ პარტიებს როგორც ჩანს სხვა განსაკუთრებული დისკუსიის თემა არა აქვთ" - თბილისში გამოჩენილ ბანერებს რუსეთთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა

რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს - ამ შინაარსით ბანერები დედაქალაქში გამოჩნდა. ორგანიზატორი არის კოალიცია "ინფორმაციის სანდოობისთვის", რომელიც რვა არასამთავრობოს აერთიანებს.

აღნიშნული ბანერების გამოჩენას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანერებმა საზოგადოებაში გარკვეული მოწონებაც კი დაიმსახურა, რითიც მმართველი პარტია შეწუხებულია.

"ვიფიქრე, ხელისუფლებამ ხომ არ გააკრა და აბსოლუტურად სწორი მესიჯი იყო. ჩვენდა სამწუხაროდ,  მათ აღიზიანებთ ის მოსაზრება, რომ მოსახლეობაში მუსირებს და რაღაც ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მტერი და ოკუპანტი რუსეთია და არა ცივილური სამყარო. აღნიშნულმა ბანერმა, სხვათა შორის, ძალიან დიდი მოწონება მოიპოვა ძალიან ბევრ ადამიანში და ამიტომაც, ახლა შეწუხდნენ, რაღაცებს ცდილობენ, აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებაა," - განაცხადა ენმ-ის საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ.

ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პარტიებს სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დისკუსიის თემა არ გააჩნიათ.

"ამ პარტიებს როგორც ჩანს სხვა განსაკუთრებული დისკუსიის თემა არა აქვთ. თუ ეს მართლა ხდება განხილვის საკითხი პირობებში, როდესაც პოლიტიკური პრობლემები გვაქვს, რეფორმებია საჭირო, ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, თან არც ისე წარმატებულად ამ მომენტისთვის და ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ, ამ მომენტში ისევ ომზე საუბარი, მითუმეტეს სიტუაციაში, როდესაც უკვე ამოწურულია ფაქტობრივად თემა თვითონ "ქართული ოცნებიდანაც", მათი გზავნილებიდან გამომდინარე, თუნდაც ივანიშვილის წერილი რომ ავიღოთ, უკვე ფაქტობრივად ამოწურულია ეს თემა. ამის მიუხედავად თუ ამ საკითხს ვუბრუნდებით, ე.ი. უბრალოდ მეტი სხვა საკითხის განხილვა არ გვჭირდება," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ბანერების შინაარსზე იმის გამოცხადება, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია, ახლისმომასწავებელი არ არის. 

"ბანერების შინაარსზე იმის გამოცხადება, რომ რუსეთი არის აგრესორი, მოძალადე, ოკუპანტი და ა.შ. არაფერი ახლისმომასწავებელი არ არის. ეს არის თვითმართლების რეჟიმზე გადასული რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და თუ ეს ასე არ არის, გამოვიდნენ და გაემიჯნონ იმ პროცესებს, რომელსაც ისინი თვითონვე მოუწოდებდნენ, რომელიც დაკავშირებული იყო მოხალისეების გაგზავნის ხელშეწყობაზე, სანქციების შეერთებასთან თუ სხვა საკითხებზე. საზოგადოება კარგად ხედავს თუ ვინ არის ომის მომხრე. გავაგრძელებთ დაკვირვებას, თუ კიდევ რომელი ორგანიზაციები და ამ ორგანიზაციებს უკან ამოფარებული რადიკალური ოპოზიცია რა ფორმით გააგრძელებს ამ პროცესებზე თავის მართლებას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

"ქართულმა ოცნებამ" კამპანია "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა და ომის შესახებ ბანერებს თავის მართლება უწოდა.

"იყო წარუმატებელი კამპანია ომთან მიმართებაში, რომელიც ჰქონდა დესტრუქციულ ოპოზიციას, მათი თავიანთი მედია საშუალებებით და ყველაფრით გაგრძელებული, არასამთავრობო სექტორით მათ შორის, რომელიც მიკედლებულია ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას". ეცდებიან, რომ გადაეწყონ და სხვა ნარატივი შესთავაზონ საზოგადოებას," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები