"რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს" - ამ შინაარსით ბანერები პოლიტიკური დისკუსიის საგანია. ბანერები ეკუთვნის კოალიციას "ინფორმაციის სანდოობისთვის", რომელიც რვა არასამთავრობოს აერთიანებს.
კოალიცია "ინფორმაციის სანდოობისთვის" გამოეხმაურა ბრალდებებს ბანერებთან დაკავშირებით, თავის მხრივ ეს კოალიცია აერთიანებს 8 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც აცხადებენ, რომ კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება და ანტიდასავლური რიტორიკის განეიტრალება.
რაც შეეხება კამპანიის პოლიტიკურ პარტიებთან კავშირს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.
"კამპანია ეძღვნება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ვინ არის რეალური მტერი საქართველოსთვის და ვინ არიან ჩვენი მეგობრები. ჩვენ არაერთხელ გვსმენია სხვადასხვა პროპაგანდა, მათ შორის დეზინფორმაცია თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას და სხვადასხვა მესიჯები გავრცელებულა ამასთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდოდა კიდევ ერთხელ, ნათლად საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რეალურად ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ არის საქართველოს მეგობარი," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის გამართლების კამპანია დაიწყო.
ადრესატ პარტიაში კი ბანერებთან კავშირს უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გაკრული ფრაზების შინაარსი სადავო არავისთვის არ უნდა იყოს.
"ეს ყველაფერი ჰგავს თავის მართლების რეჟიმს, რომელშიც როგორც ჩანს ჩადგნენ ის ძალები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად აჟიტირებულები მიუთითებდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას, რომელიც სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან, ჩვენ რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, შეფასდებოდა უცებ ომში ჩართვა," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.